2019-07-11 21:11:12
"აქცია 22:00 საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის აღებით" - გახარია

აქცია 22:00 საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის აღებით – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, გამოქვეყნებული კადრების საფუძველზე ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებას ჩამოეშალა ვერსია, რომ პარლამენტის შტურმი იგეგმებოდა და რა შტურმზე ლაპარაკობს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული კადრები არის სრული ფარსი.

„ბატონ ნიკანორ მელიას, რა თქმა უნდა, აქვს თავდაცვის უფლება და რა თქმა უნდა, აქვს უფლება, ყველანაირი კადრები იპოვოს, მოძებნოს, თავისი ვერსიები გამოაქვეყნოს. მაგრამ ამ კადრებიდან ჩანს ერთი, რომ ნიკანორ მელია და მის ირგვლივ მყოფი პოლიტიკოსები იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები და ლიდერები. რაც ფაქტობრივად, იმის მაგივრად, რომ მათ ეგონათ, იქნებოდა მათი სასარგებლო ჩვენება, ვნახავთ სასამართლოში როგორ იქნება გამოყენებული, როდესაც ჩვენ პარალელურ კადრს დავადებთ, რომელიც ინგა, თქვენს ტელევიზიაში გადიოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, რა პარალელურ კადრს გულისხმობს მინისტრი და როცა ამბოხზეა საუბარი, ხოლო ვიდეოკადრებში პოლიტიკოსი ამბობს, შევდივარ მოლაპარაკებაზე, რანაირად არის ეს პარლამენტზე შტურმი, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ აქცია არ იყო მშვიდობიანი.

„მარტივად, პირველ რიგში, აქ სიტყვა დარბევა ამ შემთხვევაში სამართლებრივადაც არ გამოიყენება და აგიხსნით რატომ. ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს აქცია 22:00 საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური შტურმი პარლამენტის შენობის აღებით და ეს ჩვენმა მაყურებელმა, თქვენი აზრის მიუხედავად, მათ შორის თქვენი ტელევიზიის მეშვეობითაც ნახა. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ვიდეოს, როდესაც ბატონი ნიკანორ მელია იმავეს საუბრობს, ზუსტად იმავე მომენტში, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სულ სხვა ფლანგებიდან პირდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე და თქვენ შეგიძლიათ, აიღოთ ქრონომეტრაჟი და დრო შეგიძლიათ დაადოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე თემაზე