2019-07-11 11:44:27
მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ვითხოვთ, საქმეში ახალი მტკიცებულებებია - პროკურორი

პროკურატურა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. მირიან მეგრელიშვილის თქმით, დღეს წარდგენილი იქნება მტკიცებულებები, რომელთა დასაშვებად ცნობას ბრალდების მხარე მოითხოვს.

"წარმოდგენილი გვაქვს მტკიცებულებები და ვიშუამდგომლებთ მათ დასაშვებად ცნობას. ასევე გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიება. ბრალდების მხარე თავდაპირველ პოზიციას უჭერს მხარს და მიგვაჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები აღკვეთის გამოყენების", - განაცხადა პროკურორმა.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, საქმეში არის ახალი მტკიცებულებები, მათ შორის 2019 წელს მოპოვებულო მტკიცებულებები.

„მტკიცებულებების შინაარსში ვერ შევალ, თუმცა საქმეში არსებობს როგორც წერილობითი, ასევე აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა სახის მტკიცებულებები, რაც ერთობლიობაში ბრალდების მხარის პოზიციას ადასტურებს", - აღნიშნა პროკურორმა მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.  

ამავე თემაზე