2019-07-11 10:33:40
"არანაირი საქართველოს მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა" - ზოიძე აქციის მონაწილეებზე

არანაირი საქართველოს მოქალაქეები,  ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა აკაკი ზოიძემ გააკეთა. მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "სირცხვილიას" მონაწილეები მე-5 კოლონას შეადარა და მტრები უწოდა.

"არანაირი საქართველოს მოქალაქეები. ესენი არიან მტრები და მე-5 კოლონა. ეგაა, ვითომ ხელს რომ უსვამთ ამათ. რა მოქალაქეები, წარმოიდგინეთ. რისი გულისთვის აკეთებენ ამას, გამაგებინეთ. გვაკარგვინებენ ყველანაირ მორალურ უპირატესობას, რომელიც გვაქვს. ვინ დგას იქ, ისევ "ნაციონალური მოძრაობა"? ნაწილი მათგანი. კი არიან იქ ახალგაზრდები, რომლებიც თვლიან, რომ გიორგი გახარიას გადადგომა მთავარია,"- ამბობს ზოიძე. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. სამი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა.

20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყო, შემდეგ კი, მუხლი გადააკვალიფიცირა და "ცალკეულ პირებს" სახელმწიფო ამბოხში ედავება. საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას, ასევე, დააკავეს აქციის ოთხი მონაწილე.

აქციის დაშლისთვის კი, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, ხოლო მათგან ორის ქმედებებში "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

ამავე თემაზე