
ვარკეთილში, სამხედრო დასახლებაში ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ხელყუმბარის ჩამოგდების ფაქტზე და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ბრლდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ჯ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 ივლისს, ბრალდებულს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა დაზარალებულებთან. მოგვიანებით კი, შურისძიების ნიადაგზე, მ.ჯ.-მ თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში, ზედა სართულიდან ჩამოაგდო "რგდ"-ის სისტემის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად სამმა პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს”, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.


