2019-07-10 17:20:56
დასმული კითხვებიდან საეჭვოდ და სასაცილოდ ის ჩავთვალე, თურმე მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩემთვის ძვირიან ტანსაცმელს ყიდულობს და საიდან აქვს მას ეს თანხები - სუს-ში მაჩალიკაშვილის მეგობრის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი გამოიკითხა. გიორგი ოლქიევი გამომძიებლების შეკითხვას უწყებაში დაახლოებით 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. როგორც ოლქიევმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, კითხვები ძირითადად ეხებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ასევე კითხვები შეეხო სუს-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელიც სავარაუდოდ, მაჩალიკაშვილის და მისი ძმისშვილის საუბარს ასახავს. ოლქიევი სუს-ში მოწმის სახით დაიკითხა. 

"გამოკითხვის დროს, აბსოლუტურად ყველა საქმეს შეეხნენ, კერძოდ, რას ვაკეთებ მალხაზ მაჩალიაშვილის გვერდით, საიდან გავიცანი ის და რატომ ვარ მასთან ასე დაახლოვებული. ასევე თუ რატომ ვარ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის სანდო ადამიანი. შეეხნენ მათ შორის სოსო გოგაშვილის ამბავსაც, მოუცია თუ არა რაიმე ტიპის დავალება ჩემთვის მალხაზ მაჩალიკაშვილს სოსო გოგაშვილთან დაკავშირებით, რაზეც გარკვევით ვუპასუხე, რომ მსგავსი საუბარი ჩვენ არ გვქონია. ჩანაწერებზეც მკითხეს, სად შედგა ეს ჩანაწერი ისიც არ ვიცი, ან საერთოდ თუ იყო ეგ ჩანაწერი ისიც არ ვიცი. ამის შესახებ მხოლოდ პრესიდან გავიგე. სხვა ინფორმაცია არ მაქვს ამ ეტაპზე",- განაცხადა ოლქიევმა.

მისი განმარტებით, გამოკითხვის პროცესში არანაირი ჩანაწერი არ უჩვენებიათ მისთვის. როგორც ოლქიევმა განმარტა, უწყებაში კიდევ ერთხელ დაბარების თაობაზეც არაფერი უთქვამთ.

„დასმული კითხვებიდან საეჭვოდ და სასაცილოდ ის ჩავთვალე, თურმე მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩემთვის ძვირიან ტანსაცმელს ყიდულობს და საიდან აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს ეს თანხები. მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მალხაზ მაჩალიკაშვილს საიდან აქვს ეს თანხები. ასევე მკითხეს, ხომ არ მიხდის მაჩალიკაშვილი რაიმე ანაზღაურებას. ამომწურავად ვუპასუხე, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რაიმე ანაზღაურება რომ შემომთავაზოს, ერთი დღით არ გავჩერდები მის გვერდით. ეს ჩემი შეურაცხყოფა იქნება. მე, შვილმოკლულ მამას ვუდგავარ გვერდში, ჩემი გულით და არანაირ თანხებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. არც ვიცი, რეალურად საიდან აქვს თანხა", - განაცხადა გიორგი ოლქიევმა.  

ამავე თემაზე