2019-07-04 12:55:12
ბიზნესგაერთიანებების ნაწილი იმედოვნებს, რომ მთავრობა ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილებას გადახედავს

კიდევ ერთხელ გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც ასეულობით კომპანიისთვის იმპორტი გართულდა, – ამის შესახებ 10 ბიზნესგაერთიანების განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ბიზნესგაერთიანებები აღნიშნავენ, რომ ე.წ. ოქროს სიის მონაწილე კომპანიებისთვის საბაჟო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება მიიღეს, რომელშიც მთავარ არგუმენტად მოყვანილია ბიზნესსუბიექტების გათანაბრება.

„ჩვენი აზრით, წლების განმავლობაში განსხვავებული პირობები ემსახურებოდა მოწესრიგებული გადამხდელების წახალისებას და არა ვინმეს დაუმსახურებელ პრივილეგირებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს, დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის. ვფიქრობთ, ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არაერთი კომპანიისთვის. აქვე დავძენთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკური გუნდი აანალიზებს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, რაც გვაძლევს იმედს, რომ მთავრობა გადახედავს ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანების შინაარსსა და ვადებს, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება“, – ნათქვამია ბიზნესგაერთიანებების განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: გადასახადის გადამხდელთა კავშირი; დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია; ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია; ქართულ მაღაზიათა ასოციაცია; საერთაშორისო სავაჭრო პალატა; საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

ხორბლის იმპორტიორების გარდა, „ოქროს სიის“ მონაწილეებს გადასახდელების გადახდის ვადებთან დაკავშირებული შეღავათები გაუუქმდათ.

ამავე თემაზე