2019-06-27 13:50:07
რა გავლენა ექნება რუსულ "ტურისტულ ემბარგოს" - ეროვნული ბანკის პროგნოზი

საქართველოს ეროვნული ბანკი რუსული ტურისტული ემბარგოს შესაძლო გავლენებს ითვლის. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე რთულია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, თუმცა პირველადი გათვლებით, რუსეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებას წლის დარჩენილ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა დაახლოებით 200-300 მლნ აშშ დოლარამდე იქნება.  

“ეს საგარეო შოკი აისახება საგადამხდელო ბალანსზე და, შესაბამისად, კურსზეც. თუმცა, გასათვალისწინებელია, I კვარტალის მიმდინარე ანგარიშის დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე ანგარიში 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (207 მლნ აშშ დოლარით) გაუმჯობესდა. ეს ნიშნავს, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, მათ შორის რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებითაც, წლის განმავლობაში საგარეო ბალანსი პროგნოზირებულზე მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესდება. 

საქართველოს საგარეო შოკებით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება აქვს. 2014-15 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის შედეგად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებიდან მოთხოვნისა და გზავნილების შემცირებამ, უკრაინაში საომარმა ვითარებამ, რუსეთისთვის საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების დაწესებამ და აშშ დოლარის გლობალურმა გამყარებამ სავალუტო შემოდინებები დაახლოებით 1.2 მლრდ აშშ დოლარით შეამცირა”,- ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე