2019-06-26 12:43:53
შსს-მ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 25 ივნისს ხულოს რაიონის სოფელ ხიხაძირში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ რ.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულის ადგილსამყოფელი ცხელ კვალზე დაადგინეს. ის ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში იმალებოდა. ადგილზე მისულ პოლიციელებს რ.ბ.-მ ცეცხლი გაუხსნა, რა დროსაც ორი სამართალდამცველი მსუბუქად დაიჭრა. მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ და უკვე დატოვეს საავადმყოფო. სამართალდამცველებმა ბრალდებული გამთენიისას, თანასოფლელის საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე