2019-06-12 16:45:44
კარგი არ არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება - კობერიძე

კარგი არ არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება - ასე აფასებს პორტის პროექტის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე. 

როგორც კობერიძე აცხადებს, საქართველოს გეოპოლიტიკიდან და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სტრატეგიულ პარტნიორს ანაკლიის პორტზე თავისი ინტერესების დაფიქსირება ძალიან ხმამაღლა მოუწია.

„ვფიქრობ, რომ ეს იმ არაგონივრული აჟიოტაჟის შედეგია, რაც ხელისუფლების გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით არის განპირობებული. ერთი მხრივ, ხელისუფლება აცხადებს, რომ ანაკლიის პორტს ხელს უწყობს, მაგრამ მეორე მხრივ, ვინც პასუხისმგებელია ამ პროექტზე, პროკურატურაში ფულის გათეთრებაზე არის დაბარებული და საქმე დაუსრულებელია, რაც ურიერთსაწინააღმდეგოა. კარგი არ არის, რომ სტრატეგიულ პარტნიორს ხმამაღლა მოუწია იმის თქმა, რომ ქვეყანაში მისი ინტერესია ანაკლიის პორტის აშენება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გუშინ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო დაასრულებს პორტის მშენებლობის პროექტს.

 

ამავე თემაზე