2019-06-12 13:13:24
ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა

მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედაწელის 200 ჰა ფართობზე, რომელიც ნ. ჟვანიას, ღოღობერიძის, ჯაფარიძისა და მარაბდის ქუჩებს მოიცავდა, საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები ჩატარდა.

აღნიშნული კვლევების შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„ბევრი კრიტიკა მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქ განაშენიანების რეგულირების ძალიან ბევრი გეგმა და სამშენებლო მოედანი იყო გამზადებული იმისთვის, რომ მშენებლობები დაწყებულიყო. ინვესტორებისგან ძალიან დიდი შემოტევა იყო, თუმცა ჩვენთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ყველა სამშენებლო ნებართვა შევაჩერეთ და ჩავატარეთ კვლევა, რომ გაგვეგო რეალურად, არის თუ არა საფრთხის შემცველი ეს კონკრეტული ფერდები და ქუჩები. როდესაც ჩვენ ქალაქის სწორ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ზუსტად მსგავსი კვლევების ჩატარებაა მნიშვნელოვანი. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, რატომ არ ხდება ნებართვების გაცემა. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება, უკომპრომისო ვიქნებით და ვერ დავუშვებთ ისეთ ადგილებში მშენებლობის ნებართვის გაცემას, რომელიც შეიძლება სამომავლოდ პრობლემა იყოს. შესაბამისად, ის გრგ-ები და ნებართვები, რომლებიც მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდნენ, ამ კონკრეტულ არეალში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ჩატარებული კვლევების შესახებ დეტალურად თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ისაუბრა.

„ჟვანიას ქუჩისა და მიმდებარე ტერიტორიის (მარცხენა და მარჯვენა ფერდების) კვლევა მერის დავალების შესაბამისად ჩატარდა. ორივე ფერდის ძალიან დეტალური კვლევა მოხდა, რომელიც დაახლოებით, 200 ჰა-ზე ჩატარდა და რომელმაც აღნიშნული ფერდების გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოსაინჟინრო მდგრადობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვცა. სამწუხაროდ, ის მოლოდინები, რაც აღნიშნულ ფერდებთან დაკავშირებით გვქონდა, დადასტურდა. განსაკუთრებით, საუბარია მარჯვენა ფერდის მძიმე გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურ მდგრადობასთან დაკავშირებით. იქედან გამომდინარე, რომ ახალი მენეჯმენტის დროს, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა და დამტკიცებული გრგ შეუსაბამო გრგ-დ გამოცხადდა, აღნიშნულმა კვლევამ დაადასტურა, რომ სწორად მოვიქეცით, როდესაც გამზადებული სამშენებლო ნებართვები არ გავეცით, რადგანაც პრობლემა შეიძლება შეექმნას ყველა იმ პროექტს, რომლის განხორციელებაც მარჯვენა ფერდზე იყო გადაწყვეტილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება უკვე გაცემულ სამშენებლო ნებართვებსა და დაწყებულ სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილის განმარტებით, უკვე აშენებულ ობიექტებთან მიმართებით, დამატებითი ღონისძიებები გატარდება, რომელიც მარჯვენა ფერდზე არის განთავსებული.

„კვლევის თანახმად, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დამატებითი პრევენციული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ქვათა ცვენისა და გეოლოგიური მდგრადობიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა „ბალტიკ დეველოპმენტის“ წარმომადგენლებთან, რადგან მარცხენა ფერდზე ქვათა ცვენის საშიშროება არსებობს. შესაბამისად, მათ მიეცათ რეკომენდაციები და ქვათა ცვენის საწინააღმდეგოდ, დამატებით ღონისძიებებს გაატარებენ. მათთან მოლაპარაკების გზით გადაწყდა, რომ აღნიშნულ ხევში ასევე, ჰიდროლოგიური ნაწილია გასაუმჯობესებელი და ისინი მოწყობილ წყალგამტარს 1.5 მეტრით აამაღლებენ, როგორც ეს კვლევის შედეგებშია ასახული. აღნიშნული ღონისძიება კვლევისა და ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, ასწლოვანი პოტენციური წყალმოვარდნის დროს, რაიმე სახის რისკს მთლიანად გამორიცხავს“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე