2019-06-12 12:50:33
ყველა რეგიონს მოვივლი და ყველა დედას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მოაწერონ ხელი კომისიის შექმნის მოთხოვნას - მედიკო მარგოშილი

ყველა რეგიონს მოვივლი და ყველა დედას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მოაწერონ ხელი კომისიის შექმნის მოთხოვნას - ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა მედიკო მარგოშვილი. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა და მოხალისეებმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 

„მგონია, რომ ეს საგამოძიებო კომისია როცა შეიქმნება, მთელი მსოფლიო გაიგებს თემირლანის უდანაშაულობას და ამ ხელისუფლებას მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თემირლანი არანაირ კავშირში არაა ტერორიზმთან. ყველა რეგიონს მოვივლი და საქართველოს ყველა მცხოვრებელს და ყველა დედას ვთხოვ, მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ და მოაწერონ ხელი“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, კომისიის შექმნაზე მან უარი მიიღო, რითაც პარლამენტარებმა მისი უფლებები დაარღვიეს, ახლა კი ეცდება, მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შეაგროვოს. 

„150-ვე პარლამენტარის სახელზე შევიტანე წერილი კომისიის შექმნის მოთხოვნით, მაგრამ დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ პირდაპირ დაარღვია ჩემი უფლებები, რადგან ყურადაც არ მიიღო ჩემი ეს მოთხოვნა. რას ვითხოვ? არ არის სასამართლო, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, რომ თქვენ მაინც, როგორმე დამიდექით გვერდში და საბოლოოდ, გავაგებინოთ ხალხს, რომ სახელმწიფოს ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული. ამაზე უარი მითხრეს. ახლა ვეცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 100 000 ხელმოწერა შევაგროვო. როცა ეს ხელმოწერები იქნება, მაშინ იძულებულები გახდებიან, რომ კომისია შექმნან. მე ვითხოვ, დაისაჯონ დამნაშავეები და სახელმწიფომ აღიაროს შეცდომა, რომელიც თვითონ ჩაიდინა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.   

ამავე თემაზე