2019-06-11 17:16:22
„აჭარაბეთის“ გაყიდვა რომ არა, 2019 წლის I კვარტალში FDI 47%-ით ნაკლები იქნებოდა

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით $281 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.3%-ით ნაკლებია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში პირველ ადგილზე აზერბაიჯანი ირლანდიამ ჩაანაცვლა, საიდანაც 2019 წლის პირველ კვარტალში 133 მილიონი დოლარი შემოვიდა. 

BMG-იმ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან ქვეყნის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული გამოითხოვა.

საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სიაში მოხვდა კომპანია “სითი ლოფტი”, რომელიც "აჭარაბეთის" ერთ-ერთ მესაკუთრეს წარმოადგენდა. კომპანიის 51%-იანი წილი 2019 წლის დასაწყისში ირლანდიურმა კომპანია Flutter-მა (წარსულში Paddy Power) 115 მილიონ ევროდ შეიძინა. 

გარიგების ღირებულება დოლარებში 133 მილიონს შეადგენს, რაც ზუსტად ემთხვევა საქართველოში ირლანდიიდან შემოსული FDI-ს მოცულობას. 

შესაბამისად, "აჭარაბეთში" ირლანდიური კომპანიის მიერ გაკეთებულ ინვესტიციაზე საქართველოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 47% მოდის. 

სხვა მსხვილ ინვესტორ კომპანიებს შორის ბიძინა ივანიშვილის პანამური ოფშორის შვილობილი კომპანია - “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდიც” მოხვდა, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიციაც პირველ კვარტალში 16 მილიონ დოლარს შეადგენს. 

უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების რეიტინგი ასეთია (ინფორმაცია მოწოდებულია რიგითობის გარეშე):

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი 
შპს მაგთიკომი 
შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი 
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური 
სს RMG Copper 
შპს ტოიოტა კავკასია 
შპს აი-ბი-ჯი ჰოლდინგ 
შპს სითი ლოფთი 
შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი 
BP ჯგუფი 

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების სექტორში განხორციელდა - აზარტული თამაშები სტატისტიკის მიხედვით სწორედ ამ სექტორში არის გაერთიანებული. მთლიანად სექტორის საინვესტიციო მოცულობამ 139 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფება საფინანსო სექტორი 42.7 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 28.6 მლნ. აშშ დოლარით. 

წყარო: BM.ge

ამავე თემაზე