2019-06-11 16:35:08
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივებას სთხოვს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახურვის დოკუმენტაციის წარსადგენად ვადების გახანგრძლივებას სთხოვს. 

კონსორციუმში აცხადებენ, რომ მათი თხოვნა ვადების გახანგრძლივების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილება. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა ვადით გადაიწევს კონსორციუმის ვალდებულება - წარმოადგინოს ფინანსური დახურვის დოკუმენტაცია. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვისთვის დრო 15 ივნისამდე ჰქონდა. ვადების გახანგრძლივება საჭირო გახდა, რადგანაც ამ დრომდე ანაკლიის პორტის პარტნიორი 4 საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი და მთავრობა ვერ შეთანხმდნენ. 

უკვე რამდენიმე თვეა მხარეებს შორის სადავო ხელშეკრულების 8 პუნქტია, რომელთა დაკმაყოფილებასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მთავრობისგან ითხოვენ. სწორედ შეთანხმების მიღწევის შემდეგ დააფინანსებენ ბანკები 400 მილიონი დოლარით ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობას. 

მხარეებს შორის 21 მაისს გამართულ ბოლო ოფიციალურ შეხვედრაზე სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 7 პუნქტზე შეთანხმება მიღწეულია და სადავო რჩება საკითხი, რომლითაც ბანკები ითხოვენ მთავრობა ტვირთების გარანტორად ჩაუდგეს ანაკლიის პორტს. საქართველოს მთავრობაში კი, ეს მიუღებლად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ თუ ეს რისკებიც მთავრობამ აიღო, მაშინ ანაკლიის პორტის პროექტში კერძო კომპანიის - კონსორციუმის - ჩართულობას აზრი ეკარგება. ბოლო შეხვედრაზე ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა აღნიშნეს, რომ კონსორციუმმა და ბანკებმა  ტვირთების რისკის დასაზღვევად სხვა მექანიზმი უნდა მოძებნონ.

წყარო: bm.ge 

ამავე თემაზე