2019-06-10 14:34:09
"თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა, ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია"- ჟურნალისტი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

"როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, ჩემსკენ წამოვიდნენ თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია"- შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი საბა წიწიკაშვილი პოლიციელებს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

Qartli.ge-ს რედაქტორის თქმით, როდესაც ის ლიახვის ხიდზე გადაბრუნებულ საპატრულო პოლიციის ავტომობილის ფოტოს იღებდა, ათამდე სამართალდამცველი თავს დაესხა და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა.  

,,როგორც კი გადმოვედი მანქანიდან, ჩემსკენ წამოვიდნენ. ვცადე იმ ადგილამდე მისვლა, საიდანაც ხილვადობა კარგი იყო. ბორდიურსა და მანქანებს შორის მივდიოდი. თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და ბეჭებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. ამის შემდეგ წამოვედი, ავტობანის მეორე მხარეს  გადავედი გვირაბთან შემოვუარე და მეორე ხიდიდან დავიწყე გადაღება. მეორე ხიდზე ვეღარ მომიახლოვდებოდნენ. ხიდიდან ხიდზე ვერ გადმოხტებოდნენ”, – აცხადებს ჟურნალისტი.

როგორც Qartli.ge წერს, შიდა ქართლის შს სამმართველოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა საბა წიწიკაშვილისთვის მობილური ტელეფონის წართმევაც სცადა, ხოლო დანარჩენები მას პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება არ აძლევდნენ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ის მასალა, რისი გადაღებაც შეძლო საბა წიწიკაშვილმა, გენერალურ ინსპექციას წარედგინება.

საბა წიწიკაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტის დროულად შესწავლისა და დამნაშავე პირებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე პროკურატურას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განმარტავს, რომ დაუშევებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ამ უფლების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) ისჯება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამიტომაც ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ მართლაც მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროვოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება” – აცხადებს ქარტია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას და დაადგენს, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის შესაძლო ფაქტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა.

შსს-ს ცნობით, ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე თემაზე