2019-06-10 13:50:50
გრძელვადიან პერიოდში ლარი უნდა იყოს სტაბილური და ამავე დროს, ქვეყანას საკმარისი რეზერვი ჰქონდეს, სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ - გვენეტაძე

სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, – აცხადებს  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დკობა გვენეტაძე გასულ კვირაში ეროვნული ბანკის მიერ 30 მლნ აშშ დოლარის შესყიდვასთან დაკავშირებით. 

მისი განცხადებით,  შესაძლოა ლარის კურზე იყოს რყევები, ეროვნული ბანკის მიზანია, კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში.

„უკვე აღვნიშნე და ადრეც აღმინიშნავს, რომ სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რისკპრემიუმის შემცირებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს. რაც შეეხება პოლიტიკას, რომელსაც ეკონომიკური გუნდი ატარებს,  ჩვენი ძირითადი მიზანი არის კურსის სტაბილურობა გრძელვადიან პერიოდში, მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია, იყოს რყევები. ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა უნდა ნახოს ბალანსი, რომლითაც მიზანი, გრძელვადიან პერიოდში ლარი იყოს სტაბილური და ამავე დროს, საკმარისი რეზერვი ჰქონდეს ქვეყანას, რათა პოტენციურ რისკებს გაუმკლავდეს, არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ეროვნული ბანკი“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი აწარმოებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე, მისი ხელმძღვანელის კრისტინ ლაგარდის შეფასებებით, ცალსახად მოწონებულია.

მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  სავალუტო აუქციონზე 10 000 000 აშშ დოლარი იყიდა 7 ივნისს კი, 20 000 000 აშშ დოლარი შიესყიდა. 

ამავე თემაზე