2019-06-06 15:07:48
"დაცვის მხარე ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს"- ანი კოტეტიშვილი

დავით სარალიძის, განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ გამამართლებელი განაჩენი დადგეს.

მისი თქმით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, რასაც დაცვის მხარე არ იზიარებს.

„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ახალი მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა, არ არსებობს და სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე აუცილებლად იბრძოლებს იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. თუ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობები გვექნება, აუცილებლად, ნებისმიერი დამკვირვებლისთვის ნათელი გახდება სრული ჭეშმარიტება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს“, - აღნიშნავს ანი კოტეტიშვილი.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

ამავე თემაზე