2019-06-05 13:07:06
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არარეგისტრირებული საარჩევნო შტაბი აქვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთაწმინდის რაიონში „ქართულ ოცნებას“ არარეგისტრირებული საარჩევნო შტაბი აქვს, რაც ადასტურებს, რომ საარჩევნო ოპერაციების დიდი ნაწილი არის უკანონო.
ბოკერიას თქმით,  „ქართული ოცნება" მთაწმინდის არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად კრიმინალურ ავტორიტეტებს იყენებს. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, უკანონო მეთოდებით ბრძოლა აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს. 

„გუშინ ჩვენი ბრიფინგის შემდეგ, მედიაში გასულმა ინფორმაციამ, მმართველი გუნდისა და მათთან დაკავშირებული პირების კომენტარებმა დაადასტურა ჩვენი ინფორმაციიის სიზუსტე. საზოგადოებამ ნახა ლევან თოფურიძე მეტსახელად „კალაბოკა“. ეს საკმარისი იყო იმ ინფორმაციიის დასადასტურებლად, რაც გვქონდა, რომ ის არის პირი, ეკუთვნის სამყაროს, რომელიც ამ მეთოდებით მოქმედებენ – მოქალაქეების დაშინება და ციხეში მყოფი ადამიანების ბედით სპეკულირება. შემდეგ ვნახეთ, „ქართული ოცნების“ არარეგისტრირებული შტაბი, სადაც ჟურნალისტს ბატონმა სოხაძემ, რომელიც კალაძესთან დაახლოებული პირია, პირდაპირ დაუდასტურა შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ სწორედ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირების აქტივიზაცია არის ​ლადო კახაძისგუნდის სტრატეგია მთაწმინდის არჩევნებში შალვა შავგულიძის წინააღმდეგ. პირდაპირ თქვა ამ კაცმა და ამ კომიკური, სამარცხვინო ფორმით დაგვცინა, ეტყობა, მაგათ კომპლექსი აქვთ ძველი ბიჭებისო, რა არის პრობლემა, კრიმინალური სამყაროს ხალხის გამოყენება კარგიაო. 1990-იანი წლების მორალი წაგვიკითხა მან და რაც მთავარია, დაადასტურა, რომ სწორედ ამ სამყაროში ეძებენ მხარდაჭერას, ამ ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ არალეგიტიმური და უკანონო მეთოდებისთვის. აქ მთავარი საკითხია, რომ უნდა გაგვცენ პასუხი სხვა პოლიტიკურმა ფიგურებმა, კალაძემ, ივანიშვილის გუნდის საპარლამენტო ლიდერებმა, გახარიამ, რომელიც კანონპროექტს გვთავაზობს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაციაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდის ფუნდამენტური სტრატეგიაა, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების წყალობით შეინარჩუნონ ძალაუფლება.

„დადასტურდა. რომ არარეგსტრირებული შტაბი აქვთ, რადგან დოკუმენტებში, რომელიც მოვიძიეთ აუდიტის სამსახურიდან, ეს შტაბი არ არის დაფიქსირებული. როცა საუბრობენ, რომ იქ ადგილზე მეგობრები და ძმაკაცები იკრიბებიან ეგ არის კანონით განსაზღვრული, რომ „ძმაკაცები იკრიბებიან“, სტაფს ქირაობენ და საარჩევნოდ მუშაობენ, ეს არის საარჩევნო შტაბი. უნდა იყოს რეგისტრირებული და გატარებული როგორც შემოწირულობა, რადგან ეს ღირს ფული. ეს ადასტურებს, რომ საარჩევნო ოპერაციების დიდი ნაწილი არის უკანონო და შავი ფულით. ბატონ უჯმაჯურიძეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, წესით კანონში ჩახედილი უნდა ჰქონდეს, რომ ასეთ ძმაკაცების შეკრებას, სადაც შტაბია და მიდის მუშაობა, სჭირდება რეგისტრაცია. ამ ყველაფერს აქვს ერთი სახელი ივანიშვილის მეთოდები საარჩევნო ბრძოლის, რომელიც ჩვენს დემოკრატიას აზიანებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

 

ამავე თემაზე