მასშტაბური კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილ მერს და 6 დაკავებულ მაღალჩინოსანს ბრალს დღეს წაუყენებენ.
გამოძიება მილიონ-ნახევარი ლარის უკანონო გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, ბათუმის მოქმედ ვიცე მერს, ფინანსთა და განათლების მინისტრების ორ მოადგილეს და მერიის 3 მაღალჩინოსანს ედავება.
“უკანონოდ არის დაკავებული, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ შესაბამის ორგანოებს წარვუდგენთ შესაბამის მტკიცებულებებს. საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ჩაგვბარდება საქმის მასალები და შემდგომში, როდესაც ყველა მტკიცებულებას გავეცნობით, შეგვეძლება პასუხის გაცემა. ერთადერთი იმას მოგახსენებთ, რომ კომპანია რამდენად იყო გაყალბებული დოკუმენტებით, ეს ბატონი გიორგისთვის არ იყო ცნობილი,“-აცხადებს ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატი, ჯემალ კიკნაძე.
საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის “იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4-მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.