2019-05-14 14:06:12
მერაბიშვილმა აქამდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც საკნიდან გაიყვანეს - გამომძიებელი

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმის გამომძიებელი აცხადებს, რომ მერაბიშვილმა აქამდე მიცემულ ჩვენებებში ვერ შეძლო იმ პირების ამოცნობა, რომლებმაც მერაბიშვილის განმარტებით, ის საკნიდან გაიყვანეს.

"ამ პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, ივანე მერაბიშვილმა უკვე ორჯერ მისცა მსგავსი ჩვენება. კერძოდ, 2014 წელს, ანუ 5 წლის წინ მას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომელმა ახსნა-განმარტება ჩამოართვა. ასევე, მეორედ, 2016 წელს იგი მოწმის სახით გამოიკითხა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ორივე შემთხვევაში ამოცნობის ჩატარება გახდა შეუძლებელი, ვინაიდან ივანე მერაბიშვილმა გამოკითხვის მიმდინარეობისას ვერ დაასახელა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებული პირების ვიზუალური მახასიათებლები, ასევე გვარობითი ინდივიდუალური ნიშან-თვისებების დასახელება, რომელიც მოქმედი საპროცესო კოდექსის მიხედვით, აუცილებელია დასახელდეს, რათა შემდეგში განხორციელდეს და ჩატარდეს ამოცნობა. დღეის მდგომარეობით, სწორედ ამ მიზნით ტარდება გამოკითხვა, ივანე მერაბიშვილი შეძლებს თუ არა აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირებას და შემდგეში გახდება თუ არა შესაძლებელი ამოცნობის ჩატარება", -განაცხადა ვახანიამ.

მერაბიშვილის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მერაბიშვილს შეუძლია იმ ადამიანების ამოცნობა, ვინც ის საკნიდან გაიყვანა.

„ვიმეორებ, სახელი და გვარები გვაქვს ადამიანების მითითებული, მაშინდელი ციხის უფროსის, მისი მოადგილის. მერაბიშვილმა ასევე მიუთითა, რომ იმ ადამიანების ამოცნობაც შეუძლია, ვინც მანქანაში ჩასვა და ვინც მიიყვანა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, მაგრამ პროკურატურას ამოცნობა არ ჩაუტარებია", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

აღნიშნულ საქმეზე ვანო მერაბიშვილი დღეს გამოიკითხება

ამავე თემაზე