2019-05-14 10:03:16
ბესელია დაკითხეს - ვადა ამოიწურა -"საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე... თუ გახარია ვერ იძიებს..."

ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე დღის წი დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. ამის შესახებ თავად დეპუტატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ბესელია ამბობს, რომ შსს-სთვის მიცემულ ერთთვიანი ვადა ამოწურულია.

„სავარაუდო საეჭვო პირთა წრე ჩამოვთვალე. არა კონკრეტული გვარები, არამედ გარკვეული ჯგუფი და ასევე დავაყენე რამდენიმე საკითხი და რაც მთავარია გავეცანი მასალებს. თუმცა ამ მასალებში ვერაფერი სასიკეთო და იმედის მომცემი ვერ ვნახე. არც ერთი მტკიცებულება არ დევს. თუმცა ამბობენ, რომ გამოძიება დასრულებული არ არის. ცხრა ტომი წავიკითხე, ორი დღე ვიჯექი და ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ამის წაკითხვა. გამიჩნდა უფრო მეტი კითხვა ვიდრე მქონდა. ახლა ველოდები მინისტრის საჯარო დაპირების შემდეგ იმ მთავარ კითხვაზე პასუხს. მალე ვაპირებ მასთან და მთავარ პროკურორთან პირადად შეხვედრას. ორივესთან მაქვს მთავარი კითხვა: მითხრან ვინ დაგეგმა და ვინ განახორციელა ეს საზარელი ქმედება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ და იქვე დასძინა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ აზიარებს ვიდეოებს და უგზავნის მეგობრებს. დეპუტატის თქმით, მას მხოლოდ ორგანიზატორები აინტერესებს და საქმის საბოლოო გამოძიებამდე დანებებას არ აპირებს.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ თემას დღის წესრიგიდან მოვხსნი, როგორც პირველ შემთხვევაში მოხდა, ვეტყვი რომ ასე არ იქნება. ეს ვიდეომასალა არის 9 წლის წინანდელი, სააკაშვილის პერიოდის და შემდეგ ოდნავ დამონტაჟებული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ამ ვიდეოს გავრცელება დაემთხვა ჩემს ღია კონფლიქტს მმართველ პარტიაში სასამართლოსთან დაკავშირებით. ძალიან ახლოს არის ეს ვერსია სავარაუდო პირთა წრესთან. თუ გახარია ვერ იძიებს, ეს პრობლემაა და თუ არ იძიებს იმიტომ, რომ ის უკავშირდება ისეთ ადამიანებს, ვისი გამოჩენაც არ სურს, ორივე შემთვევაში პრობლემაა. ეს კვირაც ველოდები და შემდეგ ვაპირებ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავარ პროკურორთან. ამ საკითხის მოხსნას დღის წესრიგიდან არ ვაპირებ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე