2019-05-13 18:21:46
მთელ სხეულზე დაზიანებები ჰქონდა - სიკვდილის მიზეზი გაგუდვაა - ნანიკო ბერიაშვილის სამედიცინო დასკვნა

გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.

„დღევანდელ პროცესზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხა, რომელმაც გარდაცვლილ ნანიკო ბერიაშვილზე ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და დაადგინა ყველა ის დაზიანება, რაც გოგონას სხეულზე აღენიშნებოდა. ასევე, დაადგინა გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტმა დეტალურად ისაუბრა თითოეულ დაზიანებასთან დაკავშირებით, მათ ხარისხებთან დაკავშირებით და უშუალოდ გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხა, გამომძიებელი, რომელიც საქმის ძირითადი გამომძიებელი იყო და ჩატარებული აქვს არაერთი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, დანიშნული აქვს ექსპერტიზის დასკვნები. ასევე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების ნაწილი", - აღნიშნა გუგუტიშვილმა.

მისივე განმარტებით, ექსპერტმა გოგონას სხეულზე არსებულ დაზიანებებთან და სიკვდილის გამომწვევ მიზთან დაკავშირებით ისაუბრა.

"გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ამავე თემაზე