2019-05-07 20:02:47
მალხაზ მაჩალიკაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა- უსუფაშვილი

ჩემი აზრით, მალხაზ მაჩალიკაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა- აცხადებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა კითხვები და პრობლემები გქონდეს, თანამშრომობა სჯობია

უსუფაშვილი სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა, აცხადებს, რომ საჭიროა ობიექტური გამოძიება.

„ასეთ საკითხებში, სწორედაც, სასამართლოს იმედი უნდა გვქონდეს, რომ სასამართლოში გაირკვევა მტყუნ-მართალი, თუმდაც ასეთ სერიოზულ საკითხებზე ჩვენს ვითარებაში სასამართლოსადმი ნდობის დეფიციტი, ზოგადად, დიდი პრობლემაა და ამიტომ ყველა თემის პოლიტიზირება ხდება. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ჩანაწერს, მასზე დაყრდნობით ვერაფერს გეტყვით. ბევრი ჩანაწერი მოვისმინეთ ბოლო წლების განმავლობაში, ზოგი დადასტურდა, ზოგი არ დადასტურდა, ამიტომ საჭიროა ობიექტური გამოძიება. ერთი, რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა, მე მგონი, მალხაზ მაჩალიკაშვილი არასწორად მოიქცა, როდესაც გამოკითხვაზე მისვლაზე უარი თქვა. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასთან, რაც არ უნდა კითხვები და პრობლემები გქონდეს, თანამშრომლობა სჯობია. ზოგადად, ხელისუფლებამ, თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის გარემოებების ძიებისას ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნდობა დაბალი იყოს მის მიმართ, არამარტო მაჩალიკაშვილების ოჯახში, არამედ მოსახლეობის დიდ უმრავლესობაში. იმედი, მაქვს ახლა მაინც, თუ რამე საქმეს მოკიდეს ხელი, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულებებით გამაგრებული და საზოგადოებაში ნდობის მომპოვებელი. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გართულდეს მაჩალიკაშვილების საქმესთან დაკავშირებითაც და არამხოლოდ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ამავე თემაზე