2019-05-06 10:05:02
ისრაელში საქართველოს საკონსულოს საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია

ისრაელში მიმდინარე მოვლენების შედეგად, საქართველოს მოქალაქეთა დაშავების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს ამ ეტაპზე არ მიუღია. ისრაელში საქართველოს კონსულის, ალეკო ჯიშკარიანის ინფორმაციით, საკონსულოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს შესაბამის სამსახურებთან.

კონსული საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ადგილმდებარეობის მიხედვით, დაემორჩილონ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პოლიციის საგანგებო ვითარების მართვის სამსახურის თანამშრომლებს.

„საელჩოში მოქმედებს ცხელ ხაზი, მუდმივ კონტაქტზე ვართ შესაბამის სამსახურებთან და ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია საქართველოს მოქალაქეთა დაშავების ან გარდაცვალების შესახებ. დაგვიკავშირდა რამდენიმე მოქალაქე, რომელთაც აინტერესებთ ძირითადი რეკომენდაციები, ის, თუ როგორ უნდა იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში. ჩვენს ვებმისამართზე კონკრეტული ინსტრუქციებია გაწერილი, თუ როგორ უნდა მოიქცეს საგანგაშო სირენის ჩართვის დროს მოქალაქე, ავტომობილში, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს და ა.შ.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გაეცნონ ამ წესებს, თვალყური ადევნონ მოვლენათა განვითარებას, დაემორჩილონ მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, პოლიციის საგანგებო ვითარებათა სამსახურის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს“, - განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

ამავე თემაზე