2019-04-24 12:53:33
ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის, ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია - ბესელია ჯიბღაშვილის საქმეზე 

ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის, ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია - ეს განცხადება, დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. 

მსახიობი და ბიზნესმენი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გადაგზავნის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა ნარკოტიკულ საშუალებებზე ან რა რაოდენობაზეა საუბარი. არც შსს და არც პროკურატურა ინფორმაციას არ ავრცელებს. 

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ლევან ჯიბღაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, მსგავსი შემთხვევები უსამართლობის განცდას ბადებს.

ეკა ბესელიას განცხადებით, ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობის დაფარვა დაუშვებელია.  უკვე მესამე დღეა, გახარიას და თადუმაძის უწყებები არ ამბობენ, რა ოდენობის და რამდენი სახეობის ნარკოტიკი ამოიღეს ჯიბღაშვილის ავტომობილიდან.

„ნარკოტიკული ნივთიერების რაოდენობა არის განმსაზღვრელი კვალიფიკაციის. ამის დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია. ბრალის დოკუმენტშიც უნდა ეწეროს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მაკვალიფიცირებელი გარემოება, რომლითაც უნდა შეფასდეს ქმედების შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია. სამართლიანობის მთავარი პრინციპი არის, რომ თანაბარი მოპყრობით უნდა ისარგებლოს ყველა პირმა კანონის თავსებადობის შემთხვევაში, როდესაც კანონის მიმართება ხდება მის ქმედებასთან. ეს და სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება ბადებს უსამართლობის განცდას და ეს ერთ-ერთი კრიტიკის საგანია,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე