2019-04-15 14:45:29
"გაეცეს პასუხი, ვისი ბრალეულობა დადგინდა..." - ოხანაშვილი მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების გაჟონვაზე

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვის ფაქტზე საუბრობს და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს გაარკვიონ რა მოხდა. ოხანაშვილის თქმით, ეს ფაქტი მძიმე დანაშაულია და თუკი კონკრეტული პირების ბრალეულობა იკვეთება, ამ ადამიანებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი.

„მოსამართლეობის კანდიდატების გამოცდების ტესტების გაჟონვის ფაქტი ძალიან მძიმეა და კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მოვუწოდებ პროკურატურას და ყველა იმ სტრუქტურას, ვისაც ეს ეხება, რომ ამას დაესვას წერტილი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს, რა მოხდა, თუმცა ამ ერთი ფაქტიდან არ უნდა ამოვიდეთ, არ უნდა განვაზოგადოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რადგან ერთხელ რაღაც დანაშაული მოხდა, სხვა შემთხვევაშიც შეიძლება კიდევ ბევრჯერ განმეორდეს. მე ამას ასე არ ვუყურებ. არის ძალიან ბევრი მოსამართლე, რომელსაც კარგად აქვს ეს გამოცდა ჩაბარებული და ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებს მოვალეობას. შეიძლება ისე გამოგვივიდეს, რომ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ, რამდენად კეთილსინდისიერად ჩააბარეს ეს გამოცდა სხვა მოსამართლეებმა. მძიმე დანაშაულს სჭირდება უმკაცრესი რეაგირება და უნდა დაესვას ამას წერტილი და გაეცეს პასუხი, ვისი ბრალეულობა დადგინდა. ამ პროცესში დაზიანდა სასამართლო სისტემა და შესაბამისად, ამას სჭირდება გამოსწორება. მე მესმის თქვენი განწყობა, რისკებთან დაკავშირებით. მე როგორ დავაზღვიო ეს?! ჩვენ კანონმდებლები ვართ და როგორ უნდა ჩავწეროთ კანონში - ვინმემ ეს არ გაბედოს? ეს არის დანაშაული, ამას ჩვენ ვერ გადავაზღვევთ, რაც არ უნდა სისტემა ჩავდოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამავე თემაზე