2019-04-15 13:02:22
უმრავლესობას სურს სასამართლო "საკუთარი მოსამართლეებით" დააკომპლექტოს, რათა მურუსიძე-ჩინჩალაძემ კობახიძის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში საკუთარი ხალხი დანიშნოს - დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წელს წარუდგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა მათი კანდიდატურების განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, დოლიძის თქმით, ახლა საფუძველს მოკლებულია არგუმენტი, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამარათლეები აკლია და ამიტომ, სასამართლო დროულად უნდა დაკომპლექტდეს.

„სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წლიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს, თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება", - განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, სინამდვილეში უმრავლესობას სურს სასამართლო "საკუთარი მოსამართლეებით" დააკომპლექტოს, რის გამოც უსწრაფესი წესით ხდება ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რათა მურუსიძე-ჩინჩალაძემ კობახიძის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში საკუთარი ხალხი დანიშნოს.

ამავე თემაზე