2019-04-11 16:29:47
"ნაყინივით დადნება ყველა ბრალდება და მაინტერესებს,ყველა სიბინძურეზე ვინ მოიხდის ბოდიშს?" - ადვოკატი

დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.

სასამართლომ ანა და ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკებსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხება, განუხილველად დატოვა და საქმე შეწყდა.

ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ სასამართლომ ერთადერთი, სწორი და კვალიფიციური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აღნიშნული დავა მართლმსაჯულების განსახილველი არ იყო.

"საქართველო რესპუბლიკა არის 1921 წლის კონსტიტუციის მიხევდით, გაუქმებულია ყველა არისტოკრატიული ტიტული. სწორედ, არისტოკრატიული ტიტულების დაცვას ცდილობდა მოწინააღმდეგე მხარე სასმართლოში, რაც რესპუბლიკის სასამართლოში ნონსენსია. სასამართლომ წინა მოსამზადებელ სხდომაზე გამოკითხა სპეციალისტი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჩვენი დასკვნა საფუძვლიანია და აღნიშნული დავა საერთოდ არ ექვემდებარებოდა ქართულ იურისდიქციას. შესაბამისად, ის ჩვენი მართლმსაჯულების განსახილველი არ იყო", - აცხადებს ჩხეიძე.

მისივე განმარტებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი სხვა საქმეებზეც გამართლდება, მათ შორის, მისი მხრიდან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ძალადობის ფაქტზეც.

„ყველა სხვა დავა, რომელიც ამა თუ იმ ორგანოში წარმოებს, ჩვენი მხარის სრული გამარჯვებით დასრულდება, რადგან ყველა დავაში ჩვენი მხარე 100%-ით მართალია, მათ შორის ე.წ. ძალადობის საქმეზე. ესეც თითიდან გამოწოვილია და აღნიშნულ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ნაყინივით დადნება ყველა ბრალდება და ცილისწამება ჩემს მარწმუნებელთან მიმართებაში. უბრალოდ მაინტერესებს, ყველა სიბინძურეზე, რომელიც მოწინააღმდეგე მხარისგან წამოვიდა, ვინ მოიხდის ბოდიშს?" -განაცხადა ჩხეიძემ.

ამავე თემაზე