2019-04-10 19:42:12
33 წლის მამაკაცის საქმეზე, რომელმაც დღეს თავის დაწვა სცადა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

33 წლის ლევან ჯიქურის საქმეზე, რომელმაც დღეს გენერალურ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა, პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, ლევან ჯიქურს გამოძიება ქურდობის მუხლით ედავება:

"საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ქურდობაში ბრალდებული ლევან ჯიქურის ინტერესების დამცველ ადვოკატს შეხვდნენ. კომუნიკაციის შემდეგ, პროკურატურის  წარმომადგენლებმა არსებული სამართლებრივი ვითარება ბრალდებულსაც განუმარტეს. 

საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის პროკურორმა,  მოწმისა და დაზარალებულის უფროს კოორდინატორთან ერთად, ბრალდებულ ლევან ჯიქურს განუცხადა, რომ პროკურატურა დამატებით შეისწავლის  სისხლის სამართლის საქმეს და დღეს მოწოდებულ ინფორმაციას. მიღებული   გადაწყვეტილება კი, მას გონივრულ ვადაში ეცნობება.

წარსულში ქურდობისთვის, სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, ყაჩაღობისთვის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლებული  ლევან ჯიქური  ქურდობის ბრალდებით  2018 წლის 22 ნოემბერს დააკავეს.  მას  ახალი დანაშაულის ჩადენისთვის  ბრალდება წარდგენილი აქვს  სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით. ლევან ჯიქურს    აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო 3000 ლარის ოდენობით. 

სამართალდამცავებმა ლევან ჯიქურის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ,,SAMSUNG“-ის ფირმის ტელევიზორი. 

პროკურატურაში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომ მძიმე ოჯახური მდგომარეობის და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის გათვალისწინებით, მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეღავათიანი პირობით საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა ამჟამად  მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს." ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე