2019-03-20 19:26:59
ჩემს სისტემაშიც რამდენიმე თანამშრომელმა მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარ და არ წავალ ჯარშიო - წულუკიანი

ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარში. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვაზე განაცხადა.

„თუ სწორად მოვინიშნე, საუბარია, ხომ არ არის დისკრიმინაციული, ანუ შეუსაბამო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე სხვები წარმოადგენენ, სახელებს არ ვიტყვი, წარმოადგენენ აქ, ის კონფესიებია, რომლებიც არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას, ჩვენსას და კონფესიებს, აღმსარებლებს, არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და თქვენც იცით, რეალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარში. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა, მაგრამ ეს ჩემი აზრია და რაკი მე მეკითხებით, მე გპასუხობთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე თემაზე