2019-03-20 13:15:31
ზურაბიშვილის განცხადებები იძლევა იმპიჩმენტის საფუძველს - სამადაშვილი

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარი განცხადებებით საფუძველს იძლევა, რომ დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის განცხადებას, რომ 2008 წელს ცხინვალი და იქ მცხოვრები მოსახლეობა მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა:

სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ მსგავს განცხადებებს რუსეთი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებს:

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ, რომ ერთის მხრივ, ქართულმა მხარემ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მეორეს მხრივ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, შესაძლოა მოითხოვოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიერ შემქნილი საერთაშორისო მოლაპარაკებების, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების გადახედვის შესაძლებლობა. ეს ფაქტორი კი შეიძლება გამოიყენოს რუსეთმა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და ვფიქრობ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილის განცხადება უკვე პრეზიდენტის რანგში, ატარებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ საფრთხეს, რომ დროა ჩვენც დავიწყოთ მსჯელობა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხზე პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით. არ მაქვს იმედი, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში იქნება შესაძლებელი ზურაბიშვილის განცხადების საფუძველზე იმპიჩმენტის დაწყება, მაგრამ მომავალში, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია იქნება შესაბამისი, ვფიქრობ, რომ ის საკუთარი განცხადებებით, ის საფუძველს აძლევს სწორედ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას“. განაცხადა სამადაშვილმა

ამავე თემაზე