2019-03-15 11:27:14
"არის წინაპირობა, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება" - ხულორდავა

პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ხელს შეუწყობენ უკანონოდ დარჩნენ სხვა ქვეყანაში ან დაეხმარებიან, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მისაღებად, პასუხისგებაში მიეცემიან - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მისი თქმით, ამ  კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა და საფრთხე შეექმნა უვიზო მიმოსვლას:

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ეს ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და მიგრანტები გახდნენ ან ეხმარებიან იმაში, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ. ორივე ეს პირობა - თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა, ასევე საზღვარზე უარები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ სტატისტიკების ზრდა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, ამიტომ აუცილებელია ასეთი ქმედითი, კონკრეტული ღონისძიებების გატარება“, - განუცხადა ხულორდავამ ჟურნალისტებს.

გარდა ამისა, ხულორდავამ აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მოთხოვნას ევროკავშირის ქვეყანაში პერსპექტივა არ აქვს, ვინაიდან ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებენ. 

ხულორდავას ინფორმაციით, ეს ცვლილებები კანონის მიღების შემდეგ მე-15 დღეს ამოქმედდება. კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს დაიწყება, შემდეგ კი, პარლამენტის პლენარულ სესიაზე გავა.

ამავე თემაზე