2019-03-15 10:30:18
სომხეთი ზურაბიშვილს ბაქოში გაკეთებული განცხადების გამო საყვედურობს

სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, არარატ მირზოიანმა საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრის დროს, შემაშფოთებელი უწოდა სალომე ზურაბიშვილის გამოთქმულ მოსაზრებას მთიან-ყარაბაღთან დაკაშირებით, რომელიც ზურაბიშვილმა ბაქოში ვიზიტის დროს გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს. 

“ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რათა დაბალანსებული და ნეიტრალური ფორმულირებები იყოს ორიენტირი მთიანი ყარაბაღის შესახებ განცხადებებში” – განაცხადა მირზოიანმა.

“პარლამენტის სპიკერის თქმით, სომხეთის საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია ასევე საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთმა ფორმულირებამ ბაქოში. ამ კუთხით პარლამენტის თავმჯდომარემ მიუღებლად მიიჩნია სხვადასხვა კონფლიქტისადმი განზოგადებული მიდგომები”, – წერს გამოცემა.

“ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს ბოლო წლები განვიცადეთ ერთნაირი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას, თუ რას ნიშნავს ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორია, რომ შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი. ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა”, – ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის დროს გააკეთა.

ამავე თემაზე