2019-03-14 14:55:54
"ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება" - მოსამართლემ ნებიერიძის თხოვნა არ დააკმაყოფილა

გორში, 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა, თუმცა მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბრალდებული შეგნებულად არიდებს თავს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომის ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც მოსამართლე ლევან დარბაიძემ აღნიშნა, ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი სამსახურის მიერ გადამოწმდა და გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.

„ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ თავს გრძნობს შეუძლოდ, აქვს თავბრუსხვევა, არ შეუძლია გადაადგილება და ითხოვს, რომ პროცესი კვლავ გადაიდოს, რადგან აქვს სურვილი, რომ სხდომას დაესწროს. ის მითითებს - მინდა ჩემი სიტყვებიც ვთქვა, თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე გულწრფელად...

გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას", - აღნიშნა მოსამართლემ.

მისივე გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომა აღნიშნულ საქმეზე სრულად დაიხურა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცველებმა გარდაცვლილი იპოვეს. ბრალდებულის სახით პოლიციამ 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავა. ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 109-ე მუხლებით​ აქვს წარდგენილი, რაც შესაბამისად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენას და  დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე