2019-03-14 10:09:34
უშიშროების სამსახურის მიერ გაუმართლებელი მკვლელობა, მაღალი დონის კორუფცია, ძალადობა, მუქარა...- დეპარტამენტის ანგარიში საქართველოზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების 2018 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებიც მოხვდა. ანგარიშში ნათქვამია,რომ ევროპაში ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, როგორც კონკურენტუნარიანი და პროფესიულად ადმინისტრირებული აღწერეს, თუმცა შეშფოთება გამოთქვეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის თანაბარი პირობების არარსებობა, ამომრჩევლის დაშინება.

ანგარიშის მიხედვით, ეუთო-ს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც გამოთქვეს შეშფოთება, მათი შეფასებით, „კანდიდატებს კამპანიის წარმართვა თავისუფალ გარემოში შეეძლოთ, თუმცა ერთი მხარე უპირატესობით სარგებლობდა და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხარის საარჩევნო პროცესს ზიანი მიაყენა“.

„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავდაცვის სამინისტროს ეფექტური კონტროლი აწარმოა, იყო იმის ნიშნები, რომ მათ ვერ აწარმოეს უშიშროების სამსახურის ეფექტური კონტროლი.

„ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემები მოიცავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიც არის უშიშროების სამსახურის მიერ გაუმართლებელი მკვლელობა; რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრატიული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მოქალაქეების თვითნებური დაკავებები და სიცოცხლის ხელყოფა რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ; მაღალი დონის კორუფციის ბრალდებები და დანაშაულები, რომელიც მოიცავენ ძალადობას ან მუქარას LGBTI თემის მიმართ“, - ნათქვამია ანგარიშის შესავალ ნაწილში.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ „ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა ადამიანის უფლებათა დარღვევის ბრალდებების გამოძიების კუთხით, თუმცა ხარვეზები მაინც დარჩა“. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შეზღუდული იყო უფლებები, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველების. აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ უკან დაბრუნების ნება არ დართო 2008 წლის კონფლიქტის გამო განდევნილ ეთნიკურად ქართველებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს წვდომა არ აქვთ სამხრეთ ოსეთში, რათა ჰუმანიტარული დახმარება უზრუნველყონ.

ამავე თემაზე