2019-03-13 13:59:05
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ეს ისეთი ტყუილი აღმოჩნდა, რომელსაც ფეხები არ აღმოაჩნდა - "სამეფო ოჯახებს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება 

ინფორმაცია, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არა ბაგრატიონი, არამედ სიხარულიძეა, ისეთი ტყუილია, რომელსაც ფეხები საერთოდ არ აღმოაჩნდა - ეს განცხადება, ბაგრატიონ-გრუზინსკების ადვოკატმა გააკეთა. 

დავა სამეფო ოჯახებს შორის გრძელდება. პირველი სასამართლო გუშინ გაიმართა, მომდევნო კი 11 აპრილს ჩაინიშნა. საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იხილავს. 

ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკები დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო ოჯახის სახელის მითვისებასა და ტიტულებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. 

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი კი თავის მხრივ ამბობს, რომ ბაგრატიონ-გრუზინსკები სამეფო ოჯახს არ წარმოადგენენ, ისინი სიხარულიძეები არიან და დნმ-ს ტესტის ჩატარებას მოითხოვს. 

ადვოკატ ლევან​ გორელაშვილის თქმით, გუშინ სასამართლო პროცესზე გამოიკითხა ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომლისთვის არსებული ინფორმაცია იმის თანხვედრაშია, რასაც ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მხარე სასამართლოში ცდილობს დაამტკიცოს.

რაც შეეხება მეორე სპეციალისტს როინ მეტრეველს, გორელაშვილის განმარტებით, სასამართლოს გუშინდელ სხდომაზე მან გამოცხადება ვერ შეძლო. შემდგომ სხდომაზე სასამართლო მეტრეველს დაელოდება.

„წერილობითი ფორმით როინ მეტრეველის მოსაზრებები წარდგენილი გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა რადგანაც მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს, დააჯეროს სასამართლო, რომ ბატონი როინის მოსაზრებებით, დავით ბაგრატიონი-მუხრანელი წარმოადგენს სამეფო სახლის მეთაურს, უმჯობესი იქნება, საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რომ აღარ არსებობდეს, ბატონმა როინმაც ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები სასამართლოს გაუზიაროს. გუშინ პროცესის დაწყებამდე ახალი ჭორი გავრცელდა, რომელიც საზოგადოებამ აქტიურად აიტაცა იმასთან დაკავშირებით, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი არა ბაგრატიონი, არამედ სიხარულიძეა. ეს ისეთი ტყუილი აღმოჩნდა, რომელსაც ფეხები საერთოდ არ აღმოაჩნდა. შუადღეს მოგონილმა ჭორმა საღამომდე ვერ გასტანა. გავრცელებული დეზინფორმაცია საპატრიარქომ საღამოსვე უარყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დნმ-ის ანალიზით ადამიანის გვარის დადგენა არ ხდება.

ამავე თემაზე