2019-03-13 13:51:47
კობახიძის წარმოდგენილი პროექტით მოსამართლეების გარედან შესვლას ექმნება ბარიერი - ბენიძე მოსამართლეთა შერჩევის წესზე 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი და ორი კანონპროექტი პარლამენტში.  ერთის ავტორი პარლამენტის თავმჯდომარეა, მეორე კი საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ეკა ბესელიამ მოამზადა.

ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ კანონპროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პარლამენტის ჩართულობა უზრუნველყოფილი არ არის და ყველაფერს ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძე ამ კონტექსტში აქცენტს ინტერესთა კონფლიქტსა და ასევე, მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესებაზე აკეთებს.

„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინტერესთა კონფლიქტია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კონკურსში მონაწილეობას ეხება. ეს არის სერიოზული პრობლემა, მით უფრო საბჭოში და სასამართლოში დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. გარდა ამისა, კობახიძის წარმოდგენილი პროექტით მოსამართლეების გარედან შესვლას ექმნება ბარიერი საკვალიფიკაციო გამოცდის დაწესების სახით“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ ბენიძემ.

ბენიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების რიგი მოსაზრებები და შენიშვნები, ასახულია დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტში და პროექტის ეს ვარიანტი მათთვის უფრო მისაღებია.

ამავე თემაზე