2019-03-08 15:25:28
„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი წუხელ დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული 30 წლის მამაკაცის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს, მისი ვაჟი წუხელ შინ არ იმყოფებოდა. მისი თქმით, მისი შვილი დასთან წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.

გატაცებულის დედა აცხადებს, რომ დღეს, დილის საათებში სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი შვილი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა. სხვა დამატებით ინფორმაციას ოჯახის წევრები არ ფლობენ. ისინი დაკითხვის დასრულებას გლდანში მდებარე პოლიციის შენობასთან ელოდებიან.

რაც შეეხება მეორე გატაცებულს, პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდა ქალიც დაიკითხა.

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელებმა „სუბარუს“ მარკის ავტომობილი, ორ ადამიანთან ერთად, ბანკზე თავდასხმამდე, ჯერ კიდევ გუშინ ღამით გაიტაცეს.

შსს-მ გლდანში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სამი მუხლით-179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაიწყო.

ამავე თემაზე