2019-02-25 10:35:48
„ყველას გილოცავთ! Fitch -ის რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა "- პრემიერი

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგებში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა და „BB“ სტაბილურამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ დღეს, პირველად, ჩვენი მაჩვენებელი გაზრდილია ამ მიმართულებით და, მეტიც, დღევანდელი მონაცემებით, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა.

ასეთი გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ „BB მინუსიდან“ „BB“ სტაბილურამდე სარეიტინგო მაჩვენებლის ზრდა ცალსახად არის იმის დადასტურება, რომ ჩვენ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ვატარებთ. რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვაზე - სიღარიბის დაძლევაზე.

სარეიტინგო პოზიციების გაუმჯობესება ცალსახად ნიშნავს, რომ გაიზრდება უცხოური ინვესტიციების შემოსვლა და სრულად დაფინანსდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ასევე მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა 2019-2020 წლებში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების, ტრანსპორტის სექტორში მსხვილი ინვესტიციების და ანაკლიის პორტის განვითარების შედეგად.

რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები, ასევე ის, რომ საქართველო იკავებს მე-6 ადგილს მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით და ვართ რეგიონში მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა.

შარშან წლის მეორე ნახევარში მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და გავხდით უფრო მედეგი გარე შოკების მიმართ

ეს განპირობებულია ჩვენ მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით, რომელშიც დიდი წილი ლარიზაციის პროგრამაზე მოდის.

რეიტინგის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომა, ასევე ის, რომ საქართველო იკავებს მსოფლიო ბიზნენის კეთების სიმარტივის მიხედვით რეიტინგში მეექვესე ადგილს.

საქართველოს სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება.

Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, რასაც ხელს უწყობს საბანკო სექტორში ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლები. ამ მხრივ, აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკულ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ შეფასებაზე.

„Fitch“-ის რეიტინგის მიხედვით, ასევე დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა-საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.

Fitch“-ის შეფასება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეული, მაგრამ ასევე ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევი კრიტიკოსების მიმართ.

საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს რომელიც ჩვენს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის.

ამასთან, პირადად ჩემთვის ეს არის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველო ვაქციოთ რეგიონალურ ეკონომიკურ ცენტრად“, -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამავე თემაზე