2019-02-22 14:40:52
"თუკი ჩინჩალაძე წავა კლანთან ერთად მე დავწერ განცხადებას და წავალ"

ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე უარს იტყვიან მოსამართლეობაზე, ისიც დატოვებს თანამდებობას- "თუკი ჩინჩალაძე წავა კლანთან ერთად მე დავწერ განცხადებას და წავალ", — ამბობს ჯანეზაშვილი.  ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტი უყრის კენჭს: 

„ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის მიერ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება და ვფიქრობ, პარლამენტისთვის გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობის განხორციელებისას ვხელმძღვანელობდი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და იმ პრინციპებით, რომელიც საჭიროა დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სასამართლო სისტემის შექმნისთვის.

ამიტომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის თანამდებობებიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, მურუსიძე და საბჭოს მოსამართლე წევრები – ხაზს ვისვამ, მხოლოდ მოსამართლის თანამდებობას ვგულისხმობ და არა საბჭოს წევრობას, იმავე დღეს დავწერ განცხადებას გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა გუშინ ინიციტივა დააყენა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი გამოიწვიოს.

ამავე თემაზე