2019-02-21 18:38:38
"გთხოვთ, ჩემს გარეშე გააგრძელოთ მუშაობა" - კობახიძის მიმართვა დეპუტატებს

დეპუტატების ნაწილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაბრუნებას ითხოვენ. როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის ნაწილი ამბობს, რომ კენჭისყრაზე მოსამართლეთა გადავადების კანონპროექტი, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობთ უნდა დადგეს. მათი განცხადებით, ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ იმ შეხვედრის გადადების ინიციატივა დააყენა, რომელიც სხდომის პარალელურად მიმდინარეობს პარლამენტში. 

„მივმართავ პარლამენტის აპარატს, ელჩებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებიან, გადადონ ეს შეხვედრა. პარლამენტის თავმჯდომარე უნდა იყოს აქ“ - განაცხადა ლევან კობერიძე.

ამ აზრს იზიარებს დეპუტატთა ნაწილი, მათ შორის გიორგი ლომია, ნატო ჩხეიძე და უმრავლესობის წევრი რამდენიმე დეპუტატი.   

მანამდე კი დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ მიმართა და მის გარეშე მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა:

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში იმართება შეხვედრა რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და დაიგეგმა დღეს, რადგან სხვა საშუალება არ იყო ამ შეხვედრის გამართვის. აქედან გამომდინარე მიწევს ამ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით. ჩემი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურის და კრიტერიუმების განხილვა, ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან მოსამართლეები ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მურუსიძე, თამარ ალანია, ასევე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე, და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.

ამავე თემაზე