2019-02-20 13:04:50
ბესელიას გუნდი მიდის - ივანიშვილი საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს

ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის ინიციატივაზე, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით,​ ქართული ოცნების მხარდაჭერის უარის შემდეგ ეკა ბესელიას და მისი "გუნდის" მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა კვირის ბოლომდე გახდეს ცნობილი.

"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ბესელიამ, გოგიჩაიშვილმა და ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება შესაძლოა დღესვე გააკეთონ. მათთან ერთად, არ არის გამორიცხული უმრავლესობა ქართული-ოცნება სოციალისტების წევრმა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვოს. სავარაუდოდ უმრავლესობის რიგებს დატოვებს ბიძინა გეგიძეც.

რაც შეეხება კანონპროექტის დანარჩენ ინიციატორებს. ჩვენი ინფორმაციით მათ უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. არ არის გამორიცხული უმრავლესობის დატოვების შემდეგ პარლამენტში ახალ ფრაქცია შეიქმნას, რომლის დაკომპლექტებასაც 6 დეპუტატი სჭირდება.

ამ დროისთვის ბესელიას გუნდს 4 გარანტირებული წევრი ჰყავს - თავადა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

ვიხილავთ თუ არა მათთან ერად ბექა ნაცვლიშვილს და ბიძინა გეგიძეს, ჯერ უცნობია.

ბესელიას გუნდის უმრავლესობიდან წასვლის შემთხვევაში, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას კარგავს.

ამავე თემაზე