2019-02-19 18:14:03
ფარული ჩანაწერი - მინისტრის მოადგილე გეგეშიძეს ამართლებს და დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვს (აუდიო)

"კურიერი" ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის დახურული სხდომის ჩანაწერს ავრცელებს.

ჩანაწერი რ2-ს სანდო წყარომ მიაწოდა. ჩანაწერის მიხედვით, სპორტისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ქმედებებს ამართლებს და ის აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა, მოჭიდავე დათუნაშვილისთვის დისკვალიფიკაცია მიეცათ, რათა სხვა ურჩმა სპორტსმენებმაც კარგი გაკვეთილი მიიღონ.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ესწრებოდა. ლერი ხაბელოვმა, თავდაპირველად, თქვა, რომ მსგავსი განცხადება მინისტრის მოადგილის მხრიდან არ გაკეთებულა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ "კურიერს" აუდიოჩანაწერი ჰქონდა, განმარტა, რომ მას ეს საუბარი არ გაუგია.   

„შეიძლება გამომრჩა, არ მომისმენია ეგეთი რაღაც. არ მახსოვს, რომ ასეთი რამე თქვა, რომ უნდა მივცეთ დათუნაშვილს დისკვალიფიკაცია,“ - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

აუდიოჩანაწერს ზურაბ დათუნაშვილიც გამოეხმაურა. ევროპის ჩემპიონი აცხადებს, რომ მას ჰქონდა განათლებისა და სპორტის სამინისტროს იმედი, თუმცა მოსმენილით გაოგნებული დარჩა.  

„მე ამ ხალხისგან ველოდი დახმარებას და ზუსტად ეს ხალხი ცდილობს ჩემს დისკვალიფიკაციას. ძალადობას ახალისებენ ამით. ვერ ვხვდები, რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცას,“ - განაცხადა ზურაბ დათუნაშვილმა. 

"კურიერი"

ამავე თემაზე