2019-02-15 15:32:03
რასაც დღეს ვხედავთ და ვკითხულობთ, აშკარაა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება - ფადი ასლი 

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი „თიბისი ბანკის“ საქმეს და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ეროვნულმა ბანკმა მოითხოვა, რომ "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერდეთ და სამეთვალყურეო საბჭოდან გაიწვიონ.

ფადი ასლი ამბობს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება ან ფინანსური დაინტერესება. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ბავშვივით იქცევა, რომელიც მამას უჯერებს.

„ძალიან გვაშფოთებს, რაც ხდება. ჩვენი ორი კვირის წინ წერილობითი განცხადებაც კი გავაკეთეთ წერილობით. ვფიქრობთ, რომ საკითხი პოლიტიკურად მოტივირებულია. გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაც დაინტერესებულია ბატონი ხაზარაძისა და ჯაფარიძის მოცილებით და „თიბისისა“ და ანაკლიის აქციების ხელში ჩაგდებით. კონკრეტული პირები იყენებენ პროკურატურას, სასამართლოს და ეროვნულ ბანკს, რათა საკუთარი ინტერესები გაატარონ. მსგავსი რამ წლებია, ხდება საქართველოში და ეს პროცესი არ ჩერდება. რეკეტიორებისა და მაფიოზების მენტალიტეტი საქართველოში უნდა დასრულდეს. საქართველოს მთავრობა ინსტრუქციებს იღებს ბიძინა ივანიშვილისგან. მთავრობა ბავშვს ჰგავს, რომელიც მამას უჯერებს. ასე, რომ მთავრობას იყენებს ბიძინა ივანიშვილი. რასაც დღეს ვხედავთ და ვკითხულობთ, აშკარაა, რომ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება,“- განაცხადა ფადი ასლიმ "რუსთავი2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ამავე თემაზე