2019-02-12 11:13:44
მეტი სიფხიზლე, სოლიდარობა, მეტი მხარდაჭერა და თანადგომა გვმართებს უკრაინის მიმართ - მეუფე გრიგოლი 

ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სწორედ რომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, კარგად ჩამოვყალიბდეთ, რადგან ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე – ეს განცხადება, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას გააკეთა. 

მეუფემ თქვა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე სერიოზული ფიქრი და დისკუსიაა საჭირო. 

მისი თქმით, საქართველოს სამღვდელოება მარტო რომ ყოფილიყო და ერის ხალხი მის გვერდით არ მდგარიყო 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მეუფე ამბობს, რომ  ქვეყნის განვითარების მთავარი ვექტორი და მიმართულება უნდა განვსაზღვროთ ისე, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები იყოს დაცული.

“ჩვენ, ერთი მხრივ, ისიც მოვისმინეთ, რომ ჩვენ სხვა საკითხებიც გვაქვს უკრაინის გარდა და სხვა რამეზეც უნდა ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას აბსოლუტურად ვიზირებთ, მაგრამ უკრაინის თემა, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკური კუთხით, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვფიქრობთ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სწორედ რომ უნდა ვისაუბროთ ამაზე, კარგად ჩამოვყალიბდეთ, რადგან ამაზე ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი ხვალინდელი დღე. 

“შეცდომის უფლება არ გვაქვს, რათა არ აღმოვჩნდეთ გარიყული იმ სამართლებრივი სივრციდან, რომელიც ჩამოყალიბდა პირველივე საუკუნეებიდან და შემდგომ პერიოდებში, და რომელიც ერთობლიობაში შეადგენს შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრებისა და ადგილობრივი კრებების მიერ მიღებულ კანონთა კრებულს და მას ჰქვია სჯულის კანონი. ვფიქრობთ, აუცილებლად მივალთ იმ მიჯნამდე, როდესაც დადგება გადაწყვეტილების მიღების დრო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში თითოეული თქვენგანი აცნობიერებდეს მოცემული საკითხის სულიერ და კანონიკურ ასპექტებს. ეს არ არის იმ ტიპის ინტიმური (პირადული ხასიათის), სულიერი საკითხი, რომელზედაც იტყვი – „როგორც მამაო გვეტყვის, ისე იქნება.

“ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რომ საქართველოს სულიერი ცხოვრების განმგებელი იყოს სხვა ქვეყნის ეკლესია, როგორი იქნებოდა ჩვენი რეალობა?!

“ასეთივე ეროვნული ინტერესები აქვს ნებისმიერ ქვეყანას და ჩვენ ვერ წავართმევთ ვერავის ამ უფლებას. მეტი სიფხიზლე, სოლიდარობა, მეტი მხარდაჭერა და თანადგომა გვმართებს (უკრაინის მიმართ), მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს წმიდად სულიერ მიდგომებს და არავითარ შემთხვევაში კონიუნქტურას. გჯეროდეთ, წმიდა სინოდის წევრები ვიხელმძღვანელებთ იმ პრინციპებით, რასაც ეფუძნება ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

ამავე თემაზე