2019-02-11 16:58:20
„სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ - ემზარ კვიციანი კანონიდან ტერმინების ამოღებას ითხოვს

ემზარ კვიციანი კანონიდან ტერმინების - „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ამოღებას ითხოვს. ინიციატივა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა. 

აღნიშნული კანონი წინა მოწვევის პარლამენტმა 2014 წელს მიიღო და მას მხარი დაუჭირეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრებმა.

ემზარ კვიციანის ინიციატივას, კვორუმის არარსებობის გამო დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კენჭი ვერ უყარეს.

„2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების დიდი ნაწილისა და საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგობისა, ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. საკანონმდებლო სივრცეში ტერმინების – „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ასახვით დაირღვა ზნეობრივი ნორმები. საქართველოს კონსტიტუცია ისედაც იცავს ყველა მოქალაქის თანაბარუფლებიანობას. ასეთი სამართლებრივი მიდგომა, არა თუ არ იცავს, არამედ დამანგრეველია ოჯახისა და საზოგადოების მორალისთვის. დისკრიმინაციისგან დაცვის საბაბით ხდება, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვინც პატივს სცემს ტრადიციულ მორალსა და ოჯახურ ფასეულობებს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე თემაზე