2019-02-11 13:51:14
კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან მიმართებაში არათუ არაკონსტიტუციურია, არამედ პირდაპირ ავნებს საზოგადოებას - ალანია 

საზოგადოება ვერ მიიღებს სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან - ეს განცხადება, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე თამარ ალანიამ გააკეთა. 

ალანიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე, დეპუტატ ეკა ბესელიას ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს. დღევანდელ გაფართოებულ სხდომაზე სწორედ ამ საკითხს განიხილავენ. 

„კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან მიმართებაში არათუ არაკონსტიტუციურია, არამედ პირდაპირ ავნებს საზოგადოებას. საზოგადოება, რომელიც ელის სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, ის ვერ მიიღებს ამას, თუ მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან. შესაბამისად, ეს უნდა გაიაზროს ყველა იმ ადამიანმა, რომლის პასუხისმგებლობაც არის სწორედ ასეთი განცხადებების გაკეთება, რომ ის პირდაპირ აზიანებს საზოგადოებას.

დღეს არსებული კანონმდებლობა აბსოლუტურ ჰარმონიაშია ევროსაბჭოს სტანდარტებთან, მოწონებულია ვენეციის კომისიის მხრიდან. შესაბამისად, ყველა უკუკავშირი და კანონმდებლობაში რაიმე გზით ჩარევა, რომელიც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნაზე საუბრობს, იქნება იმ ღირებულებების უარყოფა, რომელიც აღიარა სახელმწიფომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე", - განაცხადა ალანიამ.

თამარ ალანია უზენაეს სასამართლოში უვადოდ განსამწსებელ მოსამართლეთა ათკაციან სიაში იყო.

ამავე თემაზე