2019-02-11 11:55:37
პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს სურს გავლენა ჰქონდეს სასამართლო სისტემაზე - მიქაუტაძე 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისთვის მოსამართლეების უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერება მიუღებელია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების საკითხზე გასვლით სხდომას მართავს.

საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ კანონპროექტი ყოველგვარ საზღვარს გასცდა.

მიქაუტაძის შეფასებით, ამგვარი ცვლილება კანონში სასამართლო სისტემაში უკან გადადგმული ნაბიჯია.

მიქაუტაძის განცხადებით, ესაა მცდელობა, რომ მოსამართლეები რომლებიც ბოლო წლებში უფრო დამოუკიდებლები გახდნენ, დაბრუნდნენ იმ დროში როცა მხოლოდ ვადაზე ფიქრობდნენ.

„საკითხი ყველა მოსამართლისთვის მნიშვნელოვანია. საქმე ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, რომელიც ყველა მოსამართლეს ეხება და არამხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც შეიძლება კონკურსზე გადიოდნენ და ა.შ. ეს არის სასამართლო დამოუკიდებლობის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი თემა. მინდა ორმხრივ დაგანახოთ საკითხის მნიშვნელობა. პირველი - ეს არის სამართლებრივი მხარე და საუბარი იმ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა და რომელზეც ბიურომ დღეს უნდა იმსჯელოს. ეს არის ახალი ნორმის დამატება, რომელიც შეაჩერებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება და გამონაკლისი ამ წესიდან მხოლოდ ერთი ნორმაა, რომელიც არის გარდამავალ დებულებებში და უშვებს მოსამართლის პირველად განმწესების შემთხვევაში მის დანიშვნას სამი წლის ვადით. სხვა გამონაკლისს კონსტიტუცია არ უშვებს. ამიტომ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია სამართლებრივად დასაბუთება ამ საკანონმდებლო ცვლილების.

მეორე მხარეა უკვე მიზანშეწონილობის საკითხი, რატომ დადგა ეს დღის წესრიგში და ის რეფორმები, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქამდე, რომ მივიღოთ უვადოდ გადანიშნული კორპუსი. ეს არის დამოუკიდებლობის უმაღლესი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. უვადოდ განმწესებულ მოსამართლეზე ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ რჩება, რატომ სურთ გარკვეულ ძალებს, გარკვეულ პოლიტიკოსებს ამ პროცესების შეჩერება და სასამართლო სისტემის დიდი პროგრესის უკუღმა შემოტრიალება?! პროგრესის, რომელიც მიიღო სახელმწიფომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის სახით. სხვა ლოგიკური ახსნა პირადად მე ვერ მოვუძებნე, რომ ეს არის მცდელობა, შენარჩუნდეს გარკვეული ზემოქმედების ბერკეტები სასამართლო სისტემაზე, შენარჩუნდეს მოსამართლეთა ვადით დანიშვნა, რათა ისინი დამოკიდებულნი იყვნენ გარკვეულ ვადაზე. ამ კუთხით არსებობდეს ბერკეტები მოსამართლეებზე ზეგავლენის მოხდენის, მათ საქმიანობაში ჩარევის მიზნით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა, რომ პოლიტიკური ხელისუფლების რაღაც ნაწილს, გარკვეულ პოლიტიკოსებს სურთ გავლენა ჰქონდეთ სასამართლო სისტემაზე", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამავე თემაზე