2019-02-07 12:12:00
"პოლიტიკური პროკურატურა...პირველი ეჭვმიტანილები თავად არიან, მათ ჰქონდათ სისხლის სამართლის მასალები, რომელიც გააცნეს პარლამენტის თავმჯდომარეს"

"პოლიტიკური პროკურატურა" - ასე მოიხსენიებს ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურას და ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვს. 

სამუშიას თქმით, კობახიძემ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ კაბელების საქმის მასალებს იცნობს და შესაბამისად ის უნდა გამოიკითხოს. სამუშიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ კანონი დაარღვია, რადგან მასალებს გრიფი ადევს. 

"მე მესმის მათი, მესმის პოლიტიკური პროკურატურის, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში არიან, პირველი ეჭვმიტანილები თავად არიან, რადგან სწორედ მათ ჰქონდათ სისხლის სამართლის მასალები, რომელიც გააცნეს ამჟამინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და ამაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.
ჩვენ ვიხილეთ ატვირთული მასალების ის ნაწილი, რომელსაც როგორც ამბობს გაეცნო კობახიძე. ეს მასალები არის უმცირესი - 1% საერთო მასალისა, რომელშიც განაჩენიც არ არის და გენიოსი კობახიძე ამბობს, რომ ამ მასალიდან გამოიტანა დასკვნები. 
მოვუწოდებ პროკურატურას: 
1. პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეებს, კანონს სცენ პატივი და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.
2. ნუ გამოგყავთ და აკეთებინებთ პოლიტიკურ შეფასებებს პოლიტიკურ პროკურორ გუბელაძეს.
პოლიტიკური პროკურორი გუბელაძის და მისი კოლეგების ხელში იყო ეს სისხლის სამართლის საქმე და პროკურორი გუბელაძე ნაცვლად იმისა, რომ იძლეოდეს ჩევენებას, გამოდის და ამბობს, რომ არაფერი მომხდარა." განაცხადა სამუშიამ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, რომ ე.წ კაბელების საქმეში "ბოლომდე ჩაიხედა" და თქვა, რომ საქმეში მკაფიოდ გამოხატული დანაშაული იყო. მისივე შეფასებით, კაბელების საქმეზე "პასუხი არ უგია იმას, ვინც დანაშაული ჩაიდინა". 

მოგვიანებით კი კობახიძემ განმარტა, რომ მან საქმის ის მასალები შეისწავლა, რომელსაც გრიფით საიდუმლო არ ედო და მასზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა რეალური დამნაშავის დაუსჯელობის შესახებ.

 

ამავე თემაზე