2019-01-28 16:16:13
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭომ კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით იმსჯელა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრმა ბიზნეს-ასოციაციებმა კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართული შეხვედრის მთავარი თემა ასეთი ტიპის ტენდერების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები იყო. აღნიშნული შეხვედრის გამართვის მიზეზი საბჭოს წევრის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის პირადი გამოცდილება გახდა. 

„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს შეხვედრის მთავარი თემა დღეს არის სახელმწიფო შესყიდვების საკითხი. საბჭოს წევრი ორგანიზაცია - ფერმერთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ორგანიზება და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებშიც ხშირად არის ამ თემატიკასთან დაკავშირებული კითხვები", - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. მისივე თქმით, პალატა, როგორც ერთგვარი შუამავალი სახელმწიფოსა და ბიზნეს სშორის, ამ კონკრეტული პრობლემის განსახილველად საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმას კიდევ შექმნის და შემდეგი შეხვედრა შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით დაიგეგმება.

„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რასაც კომისია მიიღებს, მას არ აქვს გასაჩივრების საშუალება, რადგან დავების საბჭოამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, სასამართლო არაა უფლებამოსილი, რომ ტენდერი შეაჩეროს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერს კი ვადა ერთ წელში ეწურება.", - აცხადებს ზამბახიძე.

შეხვედრის მიმდინარეობისას პალატის საბჭომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიზნესის პოზიციები შეაჯერა. პალატის საბჭოს წევრებთან ერთად ღონისძიებაში საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც მონაწილეობდა.

საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველობის ერთ-ერთი ორგანოა. მასში ამ ეტაპზე საქართველოს ყველაზე მსხვილი, 38 ბიზნეს-ასოციაციაა გაერთიანებული.

ამავე თემაზე