2019-01-28 12:31:17
თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება

თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მარტივდება ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებიც. მინისტრის ინფორმაციით, შესაბამისი საბუთების წარდგენა არა ერთ, არამედ ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი.

„თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, უფრო გავამარტივეთ მისი დაკომპლექტების პოლიტიკა. ადრე მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა ჩვენ მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. შესაბამისად, პიროვნებას, რომელიც საბრძოლო მომზადებას გაივლის, შესაძლებლობა ექნება, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, ახლა თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონალური პრინციპის მიხედვით გავშალეთ და უკვე ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი დოკუმენტაციების წარდგენა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას,"- განაცხადა ლევან იზორიამ.

ამავე თემაზე